div#header

Friday, September 19, 2008

”პროფესიონალები”- გოჩა რამიშვილი

შაბათს, 6 სექტემბერს, დღის სამი საათისთვის გარდაიცვალა ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის ოპერატორი გიორგი (გოჩა) რამიშვილი.ამ ფაქტის შესახებ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2~-მა განცხადება საღამოს
9-საათიან კურიერში გააკეთა: ოპერატორი პროფესიული მოვალეობის შესრულების
დროს დაიღუპა"
ნინო ძანძავა/სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”

შემთხვევიდან მესამე დღეს მაუწყებლობამ საქმის ვითარება დააკონკრეტა და ტელემაყურებელს ამცნო, რომ 6 სექტემბერს რამიშვილი შავნაბადაზე, სპეცნაზის წვრთნების გადაღებაზე იმყოფებოდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 116- მუხლითაა აღძრული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადამღებ ჯგუფს ჩამოართვა კასეტა, რომელზეც რამიშვილის მიერ გადაღებული ბოლო კადრებია ასახული.


იმ დღეს შავნაბადაზე სიუჟეტი გადაცემა P..-ისთვის მზადდებოდა. სიუჟეტის ავტორი, რომელსაც გოჩა რამიშვილი ოპერატორ ლექსო თვარაძესთან ერთად იღებდა, გიორგი ქორქია იყო. ქორქიას თქმით, `წვრთნა `რუსთავი 2~-ის მოთხოვნით ჩაატარეს, შავნაბადას სპეცრაზმზე მზადდებოდა რეპორტაჟი. რეპორტაჟი უნდა ყოფილიყო იმ გადაცემების ნაწილი, რომელიც პროფესიონალებისთვის უნდა მიგვეძღვნა. გამომდინარე იქიდან, რომ ცხინვალის ამბები ახალი მომხდარი იყო, გადავწყვიტეთ პირველივე რეპორტაჟი შავნაბადას ბატალიონზე გაგვეკეთებინა. `რუსთავი 2~-მა მიმართა თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ უფლება დაგვრთეს გადასაღებად შევსულიყავით. ყველაფერი ჩვენი თხოვნით იყო მოწყობილი~.



როგორც `ბათუმელებმა~ სამხედრო პირებთან საუბრისას გაარკვია, არსებობს ორი სახის სამხედრო წვრთნა: თეორიული და პრაქტიკული. პრაქტიკული კიდევ ორ კატეგორიად იყოფა: წვრთნა ფუჭი ტყვიებით და ტყვიის ვაზნებით. გოჩა რამიშვილის დაღუპვა ადასტურებს, რომ 6 სექტემბერს შავნაბადას სამხედრო ბაზაზე, სადაც სამხედრო პირებთან ერთად სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ, სპეცნაზი `რუსთავი 2~-ისთვის დადგმული საწვრთნელი ოპერაციის მიმდინარეობისას ტყვიის ვაზნებს იყენებდა.



სამხედრო საკითხებში ექსპერტი შალვა თადუმაძე ამბობს: `როდესაც წვრთნის ტექნიკური უზრუნველყოფა სურთ, ეს გულისხმობს იმას, რომ უსაფრთხო ზონები მიუჩინონ იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობენ წვრთნაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი შემთხვევა, რომელიც მოხდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოპერატორმა შეიცვალა ადგილი, რის გამოც იგი მოხვდა ცეცხლის ზონაში. თუკი ეს ასე არ ყოფილა, მაშინ წვრთნის დაგეგმვა - ის, რომ ოპერატორები (ის პირები, ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ) არ მოხვედრილიყვნენ ცეცხლის ზონაში, იყო არასწორი.



თუკი ოპერატორი თვითნებურად არ გადაადგილებულა, სამსახურის რომელიმე თანამშრომლის დანაშაულებრივ ქმედებაზე საუბარი, გამორიცხულია. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაგეგმვის პრობლემასთან: რატომ არ იყო ცეცხლის ზონა გამოყოფილი იმ ზონიდან, სადაც სამოქალაქო საზოგადოება უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს~.



გოჩა რამიშვილს ტყვია ზედა ტუჩის არეში მოხვდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. `რუსთავი 2~-ის თანამშრომლის, ჟურნალისტ სანდრო კაკაბაძის თქმით, `რამიშვილი მეორე პოზიციაზე იდგა, იქ, სადაც უნდა მდგარიყო და არსად გადაადგილებულა. ეს შემთხვევითობა იყო, სპეცრაზმელები ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ დღეში არიან. ერთ-ერთ სპეცრაზმელს შეეშალა და დაახლოებით რომ ვთქვათ, იმის მაგივრად, რომ ორი მეტრით მარჯვნივ ესროლა, ორი მეტრით მარცხნივ გაისროლა~.



სანდრო კაკაბაძე არ არის თვითმხილველი, რამდენადაც ის არ იმყოფებოდა შავნაბადას სპეცრაზმის გადაღებაზე. `ბათუმელებისთვის~ ეს კომენტარი მან 6 სექტემბერს, გვიან ღამით გააკეთა, მაშინ, როდესაც `რუსთვი 2~-ის ეთერით ჯერ არ იყო გასული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ოპერატორი.



როდესაც შემთხვევა მოხდა, ჟურნალისტი გიორგი ქორქია, მისივე თქმით, გარეთ იმყოფებოდა ტელეკომპანიის მესამე ოპერატორთან ერთად, რომელიც გადაცემისთვის პრომოს ამზადებდა. ქორქია ვერ აკონკრეტებს გადაადგილდა თუ არა რამიშვილი გაუფრთხილებლად. `ამას ვერ გეტყვით, რადგან მაგ დროს შენობაში შიგნით არ ვიმყოფებოდი. გადაღება დახურულ შენობაში მიმდინარეობდა. მე ჩემი საქმე დამთავრებული მქონდა. სულ ორი-სამი კადრის გადაღება იყო დარჩენილი. მაგ დროს ჟურნალისტი ყოველთვის გამოდის, ოპერატორს ხელი რომ არ შეუშალოს მუშაობაში. მეორე ოპერატორიც - ლექსო თვარაძე - შიგნით იყო, ოღონდ სხვადასხვა ადგილას იდგნენ, მათ ჰყოფდათ კუთხე, ამიტომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. არც ის ვიცი, რომელი იყო ის სპეცრაზმელი, ყველანი ნიღბებში იყვნენ. ვიცი, რომ მაგ დროს სამი სპეცრაზმელი ისროდა. სამივეს ავტომატური იარაღი, ბალისტიკურ ექსპერტიზაზეა წაღებული~.



საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116- მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ეხება სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თაისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



კასეტა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებს ჩამოართვა და რომელმაც სიტუაციას ნათელი უნდა მოჰფინოს, ჟურნალისტებს დღემდე არ უნახავთ. `კასეტაზე, ალბათ, იქნება დაფიქსირებული გადაადგილდა თუ არა ოპერატორი, რადგან მას კამერა ჩართული ჰქონდა~ - ამბობს გიორგი ქორქია.







No comments: