ამბობენ, რომ არსებობს ორი _ კარგი და ცუდი რუსეთი. `კარგი~ რუსეთი ინტელიგენტურია, ”ქინძმარაული” უყვარს, ”ბორჯომი” და ვახტანგ კიკაბიძისა და ნანი ბრეგვაძის მუსიკასა და ქართულ-რუსულ კულტურულ კავშირებზე ხმაათრთოლებული საუბრობს.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
`ცუდი” რუსეთი აგრესორია, საქართველოს დამოუკიდებლობას დღემდე ვერ ეგუება, ქვეყნის დახლეჩა და დასუსტება უნდა.
ეს მოსაზრება ზოგს პოსტსაბჭოურ მითად მიაჩნია. ასეა თუ ისე, ქართულ-რუსული კულტურული კავშირები დღემდე არსებობდა, მაგრამ ომმა ეს სურათი, ცოტა არ იყოს, შეცვალა და ორი რუსეთის მითის გაქრობასთან ერთად გამოჩნდა მეორე საქართველო, რომლის სახელოვანი მოქალაქეები რუსეთში ცხოვრობენ და რუსული მასმედიის საშუალებით საქართველოს შეცდომებსა და რუსეთის დიდსულოვნებაზე საუბრობენ.
საქართველოს ანექსიიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა, ბუბა კიკაბიძემ პროტესტის ნიშნად რუსეთის მეგობრობის ორდენზე უარი თქვა და კრემლში დაგეგმილი კონცერტიც გააუქმა. რუსებისთვის საყვარელი `მიმინოს~ `უმადურობამ~ რუსული ელიტა გაანაწყენა, მომღერალმა და დუმის დეპუტატმა იოსიფ კაბზონმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ 90-იან წლებში, როცა საქართველო გამსახურდიას რეჟიმის ქვეშ ისრისებოდა, კიკაბიძე რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთმა მას მუშაობის საშუალება მისცა.
`მიმინო~ ერთადერთი ქართველი არ აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთში კონცერტის ჩატარება არ ისურვა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა, რუსული რომანსების საუკეთესო შემსრულებლად აღიარებულმა, ნანი ბრეგვაძემ ასევე უარი განაცხადა სანკტ-პეტერბურგში საიუბილეო კონცერტის გამართვაზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაიტი აღარ გამართავენ დაგეგმილ კონცერტებს რუსეთში.
რუსეთში საკმაოდ ბევრი წარმატებული ქართველი ცხოვრობს, მათ შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც შეძლებისდაგვარად გააპროტესტეს რუსული ინტერვენცია.
ოლეგ ბასილაშვილმა, რომელსაც მხოლოდ ქართული გვარი აქვს, განაცხადა, რომ საინფორმაციო ომის პირობებში ძნელია ბოლომდე გაერკვე სიმართლეში, მაგრამ მისთვის ცხადია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა და ამის გაგება საბჭოთა კავშირის რუკაზე დახედვითაც შეიძლება. ბასილაშვილმა ამ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გაცემის ფაქტიც გააპროტესტა.
რუსეთ-საქართველოს ომზე კომენტარი არ გაუკეთებია ცნობილ რეჟისორს გიორგი დანელიას. ის, უბრალოდ, წუხს, რომ დღემდე ცოცხალია.
უფრო მეტი იყო რუსეთში მცხოვრები იმ ცნობილი ქართველების რაოდენობა, რომლებიც ამ ომში საქართველოს ადანაშაულებდნენ. მოსკოვის დიდი თეატრის ბალერონმა, ნიკოლოზ ცისკარიძემ კიკაბიძის საქციელს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ ამ ომში კულტურის მოღვაწეები არ უნდა ჩაერიონ.
რუსეთში ეპატაჟური გამოსვლებით ცნობილმა ჟურნალისტებმა თინა კანდელაკმა და ოთარ ყუშანაშვილმა არც ამჯერად უღალატეს თავიანთ ამპლუას. კანდელაკმა განაცხადა, ქართველებმა ბრძოლა არასოდეს იცოდნენო, ხოლო ყუშანაშვილმა ამ ომს საქართველოს სირცხვილი უწოდა, ქართველ ხალხს მოუწოდა ბოდიში მოუხადონ რუსეთს და გულისტკივილით განაცხადა, რომ არავის დაურეკავს მისთვის საქართველოდან იმის სათქმელად, რომ `ენანება ბიჭი, სახელად ვანია, რომელსაც სვერდლოვსკში საცოლე ვეღარ დაელოდება~.
ყუშანაშვილის ინტერვიუს გამოხმაურება ინტერნეტში მოჰყვა. გამოჩნდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც კანდელაკსა და ყუშანაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამის პასუხად ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას ქართველები სიკვდილით ემუქრებიან.
რუსეთში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ნიკოლოზ სვანიძემ თავის ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის 250-წლიან მეგობრობაზე ისაუბრა, რუსეთის საიმპერატორო კარზე მომსახურე ქართველები გაიხსენა და დასძინა, რომ საქართველო რუსული ინტელიგენციის ტრადიციული სიყვარულია.
რუსული ინტელიგენცია, ცალკეული განცხადებების გარდა, ამ ომს არ გამოხმაურებია. გამონაკლისი იყო მხოლოდ ღია წერილი სანკტ-პეტერბურგის ინტელიგენციის სახელით, რომლის ადრესატიც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი იყო. წერილში ნათქვამია, რომ ინტელიგენცია იზიარებს ქართველი ხალხის ტკივილს და მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა, აგრძელებს ქართველი ხალხის სიყვარულს
No comments:
Post a Comment