div#header

Friday, September 19, 2008

სამი გუნდის სამი სია- ფარული ომი უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად



აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაზე `ნაციონალები~ უკვე მუშაობენ. ამ ეტაპზერამდენიმე კონკრეტული გვარიც სახელდება, თუმცა ადგილები იმის მიხედვითგადანაწილდება, რომელი კანდიდატი ვის გუნდში მოიაზრება.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი დეპუტატები თუ სხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ უმაღლეს საბჭოში საკუთარი კანდიდატების გაყვანა არა მარტო ლევან ვარშალომიძეს და მიხეილ მახარაძეს, არამედ საქართველოს შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილსაც კი სურს. 18-კაციან საბჭოში, უმრავლესობა დაახლოებით 13-14 კაცის გაყვანას აპირებს. აქედან სამ-სამი სხვადასხვა სახელისუფლებო წრეებზე უნდა გადანაწილდეს.

ლევან ვარშალომიძის შესაძლო კანდიდატებად, აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, თეა ცეცხლაძეს, მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილეს, მურმან ბერიძესა და ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს ასახელებენ. თუმცა გამორიცხული არაა, ჩხაიძე ვიცე-მერმა, ვანო ჭეიშვილმა ჩაანაცვლოს, რომელიც აბაშიძის ხელისუფლების დროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, მოგვიანებით კი გარემოს დაცვის ინსპექციაში მუშაობდა.

თეა ცეცხლაძე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მის სავარაუდო გადასვლას არ ადასტურებს, სანამ ტელევიზიის ხელმძღვანელი გახდებოდა, მანამ ლევან ვარშალომიძის პრესმდივანი იყო. მისი თქმით, შეთავაზების შემთხვევაშიც კი, ამ წინადადებაზე უარს იტყვის. `იქ, სადაც ვარ, კარგად ვარ~, _ ასეთია მისი კომენტარი.

მურმან ბერიძე მიხეილ მახარაძის შემცვლელად მოიაზრება. არც იმას გამორიცხავენ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ მახარაძე ისევ საბჭოს თავმჯდომარედ მოგვევლინოს. თუმცა ინფორმაციას, მის შესაძლო გადეპუტატებაზე, არც მურმან ბერიძე ადასტურებს: `ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სახელმწიფო მოხელე ვარ და საქმეს ვაკეთებ. თუ შემომთავაზებენ, მერე გეტყვით, არ მოგატყუებთ~.

მიხეილ მახარაძის კანდიდატურად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პრესმდივანი, სუზანა ვაშაყმაძე სახელდება. იგი მანამდე აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო. `პირველად მესმის საარჩევნო სიაზე. ამ თემაზე არ მიფიქრია, ამიტომ მოულოდნელი იყო თქვენი კითხვა~, _ ამბობს ვაშაყმაძე.

ყოფილი დეპუტატებიდან სიაში შესაძლოა აღმოჩნდეს პეტრე ზამბახიძეც, რომელიც ამჟამად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა. თუმცა დასახელებული გუნდიდან რომელს წარმოადგენს, გამოკვეთილი არ არის. პეტრე ზამბახიძის თქმით, სიაში ჩასმის მოლოდინი ბევრს აქვს, მაგრამ შანსები ძალიან ნაკლებია. `ამ საკითხს პოლიტიკური გუნდი წყვეტს. ამიტომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ზუსტად ვერავინ იტყვის, რომ სიაში იქნება~, _ ამბობს იგი.

რობერტ ჩხაიძე და ვანო ჭეიშვილი მობილურ ტელეფონს არ პასუხობენ. როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ისინი გორში იმყოფებიან, ამიტომ მათ კომენტარს მომავალში შემოგთავაზებთ.

უმაღლეს საბჭოში გადასასვლელად ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც ემზადებოდნენ. საუბარი იყო ბაჩუკი ჩხეიძესა და გაზეთ `აჭარას~ რედაქტორ გენო თებიძეზე. წინა სხდომაზე კი უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, როგორც თვითმმართველობების თანამდებობის პირებს, ასევე საკრებულოს წევრებს არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალათ. თუმცა, გენო თებიძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მაინც არ აპირებს. `ორი ფუნქცია მაკისრია და ვფიქრობ თავს ვართმევ~.

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება `რესპუბლიკელებმა~ გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ უმაღლეს საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია, თვითნებური შესწორება მთავრობაში გადაგზავნილ დოკუმენტში ჩაწერეს. `რესპუბლიკელებმა~ ამ ფაქტის გამოსაძიებლად პროკურატურასაც კი მიმართეს. მოგვიანებით კი, ამ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

No comments: