div#header

Friday, September 19, 2008

პურის ფასი ისევ მოიმატებს

მას შემდეგ, რაც პურის ფქვილთან ერთად მეწარმეებს გაზის გადასახადიც გაუძვირეს, ბიზნესმენები გამოსავალის პოვნას ცდილობენ. ერთხელ ნაცადი ხერხით, წონაში დაკლებით, ფასის რეგულირება უკვე შეუძლებელი ხდება. ფასები იმდენად სწრაფი ტემპით იმატებს, რომ ერთ დროს მომგებიანი ბიზნესი, დღეს მცირე შემოსავალს თუ იძლევა.

ირმა ზოიძე

ადამიანების `დაპურება~ _ პურის ცხობა, კარგი ბიზნესია, ფიქრობდნენ მცირე მეწარმეები თენგიზ ბაბილოძე და ნუგზარ ცინცაბაძე, როცა ქობულეთში მინისაამქრო გააკეთეს.

`თავდაპირველად, პურს თბილისში ახლობლები აცხობდნენ. მერე მე და ჩემმა მეგობარმაც გადავწყვიტეთ ეს საქმე დაგვეწყო და ქობულეთში გემრიელი პური ეჭამათ. ოთხი წლის წინ, როცა სპეციალური დანადგარები თურქეთიდან შემოვიტანეთ, ქობულეთში კარგი პურის დეფიციტი იყო~, _ იხსენებს თავის ბიზნესის დაწყების პერიოდს თენგიზ ბაბილოძე.

თურქულ ღუმელში გამომცხვარი პური მართლაც გემრიელია. პურის სახეობას, რომელიც ამ საამქროში ცხვება, `ქვის პური~ ჰქვია. იგი პირდაპირ ქვაზე იკვრება და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის. საამქროს მენეჯერი, ციური ოქროპირიძე ირწმუნება, რომ სწორედ ეს აძლევს პურს განსაკუთრებულ გემოს~.

`პური ლეღვადან ხუცუბნის ჩათვლით გაგვაქვს, სხვა სოფლებში შეტანა კი ძვირი ჯდება და არ გვიღირს~, _ ამბობს საამქროს მფლობელი. იმის გამო, რომ პურის ტრანსპორტირება ძვირი ჯდებოდა, ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს ერთი ასეთივე ქარხანა ბათუმშიც გაეკეთებინათ.

თუ თავიდან მეგობრების შუამდგომლობით, თურქეთიდან შემოტანილი აპარატურის თანხა ლიზინგის წესით ნაწილ-ნაწილ გადაიხადეს, ორი წლის შემდეგ ტექნიკის შეძენა დამოუკიდებლად შეძლეს, ახლობლების ფინანსური დახმარება ახლა უკვე ბათუმში საამქროსთვის ტერიტორიის შესაძენად დასჭირდათ.

ქობულეთის ეკოლოგიურად სუფთა `ქვის პური~ ბათუმში, ჩაიკოვსკის 4 ნომერში ცხვება და იფუთება. თენგიზ ბაბილოძე ამბობს, რომ გასაყიდი პროდუქციისთვის ასეთი სახის მიცემა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, თუმცა საამქროს გაკეთება მაინც გადაწყვიტეს: `დაჭრილი პურის ბაზარზე შეტანა ჩვენ ყველაზე გვიან დავიწყეთ. დავინახეთ, რომ მოთხოვნა იყო და ამიტომ დამატებით საჭრელი და შესაფუთი მანქანაც შევიძინეთ. ამ სახის პურს ხუთი თეთრი ემატება. შეფუთვის გარეშე კი ჩასაბარებელი ფასი 55 თეთრია. შემდეგ უკვე მაღაზიები თავად ამატებენ 5-ან 10 თეთრს~.

კარგი პურის დეფიციტის პირობებში, შპს `.. ინვესტის~ მფლობელებმა ჩათვალეს, რომ ეს საქმე წარმატებული იქნებოდა, მაგრამ თანდათან პრობლემები ამ საქმიანობაშიც მატულობს.

`საამქრო როცა გავხსენით, პურის ფქვილი 25 ლარი ღირდა. ახლა 47 ლარი ღირს, თან გაზიც გაგვიძვირეს. ამიტომაც მოგება მინიმალურია~, _ ამბობს ბიზნესმენი.

ქობულეთის `ქვის პურის~ წონა 500 გრამია. ადრე 530 გრამი იყო. წონაში დაკლებით ფასი შეინარჩუნეს. დღეს კი ფიქრობენ ფასი გაზარდონ. თუმცა, იმის იმედიც აქვთ, რომ ფქვილის ფასი დაიკლებს.

`ამბობენ, რომ წელს ხორბლის კარგი მოსავალია და შესაძლოა ფქვილის ფასი დარეგულირდეს. სხვა შემთხვაში, ძნელი გახდება ბიზნესის კეთება. მოგება ძალიან დაბალია. საამქროში კი ხან რა ფუჭდება და ხან რა. გამოსავალზე ვფიქრობთ, გვინდა არც მომხმარებელი დავაზარალოთ და არც ჩვენ დავზარალდეთ~, _ ამბობს თენგიზ ბაბილოძე.

ზაფხულის სეზონზე სამ ცვლაში, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და 5-6 ათას ცალ პურს აცხობენ. საამქროში, სადაც ყველა საჭირო მოწყობილობაა დამონტაჟებული, 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

`მთელ პროცესში პურს ხელით მხოლოდ `კასეტაზე~ დაწყობისას ეხებიან, დანარჩენი სამუშაო ავტომატურად სრულდება~, _ ამბობს საამქროს მენეჯერი. აქ, ძირითადად, თეთრ პურს აცხობენ, უმაღლესი და პირველი ხარისხის პურის ფქვილისგან. ფქვილით კი ბათუმის წისქვილკომბინატი `იმპერიალი~ ამარაგებს.

No comments: