div#header

Friday, September 19, 2008

სააკაშვილის ერთი შეცდომის შესახებ

`თუ დაგარტყამენ, უნდა დაარტყა, ზურგი არ უნდა მიუშვირო~, _ ეს 92 წლის მემედ აბულაძის დევიზია. სამგზის ომგამოვლილი მეოთხე ომის მომსწრეც გახდა. ამბობს, რომ ბრძოლის სურვილი არ ჩაქრობია და რომ არა სიბერე, 17 მედლის მფლობელი ვეტერანი კიდევ ერთი ომის მონაწილე იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტს კი მხოლოდ იმაში ადანაშაულებს, რომ `ამერიკელებს მიემხრო და რუსები შეიძულა~.

თეონა კაკაციძე/ბათუმელები

მემედ აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შურმულის მკვიდრია. უფროსი შვილი, იოსები ექვსი თვის ჰყავდა, როცა ომში წავიდა. ეს იყო 1938 წელში, ფინეთის ფრონტზე. ამ ომს ვეტერანი პროვოკაციულ ომად მიიჩნევს: `აინტერესებდათ სსრკ- რა იარაღი ჰქონდა და ომი იმიტომ წამეიწყეს... ბავშვობაში ქათმებზე ვნადირობდი და კარგი სროლა ვისწავლე. 120 კაცი გაგვიყვანეს სასროლად და მარტო მე მოვარტყი ნიშანში. დივიზიონის მეთაური წამოხტა _ ვინ იყო ეს არწივიო... ჩამიხუტა. 5 მანეთი და ერთი კოლოფი ყაზბეგის პაპიროსი ჩამიდო. სამი ტყვია მომცეს და არც ერთი არ გამიხუნებია. მეორე დღეს კარავი გამიკეთეს და 10 სნაიპერი გამომაწვრთნევინეს. 20 დღის სალდათი მოსკოვში გამაგზავნეს, სროლაში შეჯიბრებაზე. თურმე ფინეთის ფრონტზე მოხალისედ მგზავნიან და დამიმალეს. ფრონტზე მხოლოდ 24 საათი ვიყავი, მაგრამ დიდი გამოცდილება და პირველი მედალიც მივიღე~.

ფინეთის ომიდან დაბრუნებულმა მემედ აბულაძემ სწავლა სამხედრო მიმართულებით განაგრძო და ოფიცერიც გახდა. 1939 წელს კი, როგორც თავად ამბობს, ხალხინგოლის ტბაზე მონღოლების დასახმარებლად იაპონიას ებრძოდა. იმ დროისთვის წინა ხაზზე, მეთაურის ამპლუაში იბრძოდა.

სამხედრო სასწავლებლიდან თურმე ბევრი გარბოდა: `16 საათი მეცადინეობა გვქონდა და ვერ უძლებდნენ. დილით წერილები გვხვდებოდა: წავედი ფრონტზე, გთხოვთ, დეზერტირად არ ჩამთვალოთ. ჩემი ხოჯა ბაბუა იტყოდა, მთავრობის და ღმერთის მოღალატე ერთი და იგივეაო. მე ამიტომ არ დავტოვე სასწავლებელი, თორემ ძალიან მიჭირდა. მერე იქ მიღებული ცოდნა გამომადგა, ცოცხალი რომ გადავრჩი, იმ სასწავლებლის დამსახურებაა~.

მემედ აბულაძე ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგაც ომის დამთავრებამდე წინა ხაზზე იბრძოდა და სამჯერ დაიჭრა: `აქოთებულ მკვდრებში მაქვს ღამეები ნათევი... ორი დღე დაჭრილი ვეგდე ყინვაში... ყველაფერს შეეჩვევი. კაცის კვლა ომში ჩვეულებრივი ამბავია, ყველაფერი დასწრებაზეა, არ მოკლავ, შენ მოგკლავენ და თუ გამარჯვება გინდა, უნდა დაასწრო! ზუსტად 1418 დღე-ღამე ვიბრძოდი. ხშირად ვკარგავდი კონტაქტს ჩემებთან, მხოლოდ ერთხელ ჩავარდი სასოწარკვეთაში და ჩემს მეუღლეს სურათი გამოვუგზავნე წარწერით _ თუ ამ ომის ქარიშხალმა დამიჩრდილოს ჩემი სახე, ნიშნად ჩემი მოგონების, ეს სურათი შეინახე _ ომიდან დავბრუნდი, მარა ეს სურათი დღემდე შენახული აქვს~.

მემედ აბულაძეს ბევრი ტკივილისა და დაბრკოლების მიუხედავად, ყველაზე ცუდ პერიოდად მაინც ბავშვობის წლები ახსენდება. ამბობს კიდეც: `ბავშვობის მოგონება ჩემთვის სიკვდილია... დედა არ მახსოვს... ობლად, ოთხი დედინაცვლის ხელში გავიზარდე... მამაჩემს ცოლები უკვდებოდა, იმ დროს სიღარიბე და ავადმყოფობა იყო. ექიმები არ იყვნენ. უფულობის და უპატრონობის გამო კუტდებოდნენ ქალები, საპონი არ იყო, დაუბანლებს მკბენარები ჭამდნენ. ნაცარგალოს აყენებდნენ და სარეცხს იმით რეცხავდნენ. ბაბუაჩემი ხოჯა იყო, არაბეთში ჰქონდა დამთავრებული სახოჯიო. ბეგებს ჭოჭს აძლევდა, მის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ. ამიტომ კარგად ვცხოვრობდით, საჭმელი არ გვაკლდა, მაგრამ სხვებს უჭირდათ. ქალებს ხელით მოქსოვილი მატყლის კაბები ეცვათ. ახლა რომ გაცვიათ, იმ დროს ასე რომ ჩეეცვათ, ამოკირავდნენ. გოგო 10 წლის რომ გახდებოდა, ჩადრი უნდა ჰქონოდა. თუ არ ექნებოდა, იტყოდნენ, ურჯულო, გიაურიაო~.

პირველი ქართული სკოლა ხულოს რაიონში სოფელ ვაშლოვანში გახსნილა. მემედ აბულაძე პირველი სკოლის პირველი მოსწავლე იყო. არ ახსოვს რამდენი კლასელი ჰყავდა, მაგრამ კარგად ახსოვს პირველი მასწავლებელი _ ნინა გორგოშაძე: `ჯერ ხოჯასთან ვსწავლობდით, მერე მასწავლებელთან. კომუნისტების მოსვლის შემდეგ ეს წესი შეიცვალა. ჯერ სკოლაში უნდა წავსულიყავით და მერე ხოჯასთან. თათრული არ მიყვარდა. ხოჯა ჯოხით ასწავლიდა ბავშვებს. მასწავლებელთან რომ ვისწავლიდი, ხოჯის ჯოხს აღარ ვუცდიდი, სახლში გავრბოდი~.

მემედ აბულაძე თავის სოფელში პირველი კომკავშირელიც ყოფილა: `ჩვენი მოსახლეობა კომუნიზმის წინააღმდეგი იყო. ჭორი გავრცელდა, მთელი სოფლის ცოლ-ქმარმა ერთ საბანქვეშნა იძინონო და ამიტომ~.

მემედ აბულაძე ბავშვობაში ხოჯის ჯოხს კი გაურბოდა, მაგრამ, როგორც ამბობს, დედინაცვლისა ხვდებოდა. საბოლოოდ იმასაც გაექცა: `ბავშვთა სახლში დედინაცვლის ჯოხს გავექეცი. ექვსი თვე მეძებდა მამაჩემი. მერე შემთხვევით ჩემი სოფლელები შემხვდნენ ბათუმში და ამბავი მიუტანეს, შაფხა ახურავსო (მაჰმადიანური რელიგია კეპიან ქუდს კრძალავს), დედინაცვალი რომ მიჩქმეტდა, ხორცებს ამომიღებდა, ჯოხით მცემდა...~

როცა სახლიდან წავიდა, რვა წლის იყო. პირველი დედინაცვლისგან თურქული ენა ისწავლა, რაც სახლიდან წასულს გამოადგა. ახლა ქართულის გარდა ოთხი ენა იცის: რუსული, თურქული, უნგრული და რუმინული.

1934 წელს სკოლა დაამთავრა და დაქორწინდა. ამბობდა, `დუუნახავ ქალს არ ვითხოვო~, თუმცა სიტყვა გაატეხინეს... საცოლეს დანახვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა: `ზამთარი იყო. ვიცოდი, ჩემ საცოლეს ჰადნა გიევლო და კვატელურის (უბანი სოფელ ზემო ვაშლოვანში) ტყეში დავხვდი. შემცივდა ფეხებზე და ნაძვზე ავხტი. როგორც იქნა, გამეიარეს ჩადრებით. მარტო თავი დუუნახე ხიდან, პირი ვერა. უარი ვთქვი და ბათუმში წავედი. 102 წლის ბებია მყავდა, მომატყუეს, იმას უნდა შენი ნახვაო და ამომიყვანეს სახლში. რომ არ წავსულიყავ, ტანსაცმელი დამიმალეს და ქალი მათხოვნიეს. ისე მევყვაი რუხსეთ აბულაძე, რომ მისი სახე არ დამინახავს. მაშინ 24-საათიანი ქორწილი იყო. ჩადრდახურული მეიყვანეს და მექორწილეს წასვლამდე ჩადრი ჰქონდა. ასე ჩაუშის ნაჯახივით მომაჩეჩეს ხელებში და 74 წელია ერთად ვეწევით უღელს. ხუთი შვილი და 36 ბადიში გვყავს~.

მემედ აბულაძეს არ ეგონა 92 წლის ასაკში თუ კიდევ ომს მოესწრებოდა: `ერთი დანაშაული აქვს სააკაშვილს, ამერიკელებს მიემხრო და რუსები შეიძულა! მე რუსს ვერ შევიძულებ, ბრძოლა მათგან ვისწავლე. მაგრამ უპირველესად ჩემს სამშობლოსა და მთავრობას დავიცავ. რუსებთან ჩვენ მართალი ვართ, მარა ვინ დაგიჯერებს. სააკაშვილისნაირი გამბედავი სხვა არ მინახავს, მაგრამ ზოგჯერ სხვის ტაშზეც ცეკვავს... დღეს ორი `კნოპკაა~ _ ამერიკული და რუსული. ახლაც მოსწრებაზეა. ვინც პირველი დააჭერს `კნოპკას~, ის გაიმარჯვებს... მაგრამ ჩვენ ამერიკის ზურგით ვცეკვობთ. სანამ ის ჩვენთან არის, რუსეთი ვერაფერს გვიზამს~.

No comments: