div#header

Friday, September 19, 2008

რუსული საფრთხე - სააკაშვილის პრეზიდენტობის ბერკეტი

`თავისუფლების ინსტიტუტის~ ხელმძღვანელის, ლევან რამიშვილის აზრით, საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული პროცესების ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხი საქართველოს პარლამენტმა უნდა გასცეს.

ლელა დუმბაძე

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს დადებული ხელშეკრულებებით საქართველო სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით კარგავს კონფლიქტური რეგიონების დაბრუნების შესაძლებლობას _ ასკვნის ექსპერტთა ერთი ნაწილი. იგივე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამის გამო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

`თავისუფლების ინსტიტუტის~ ხელმძღვანელის, ლევან რამიშვილის აზრით, ბოლოდროინდელი ხელშეკრულებების გამო, საქართველოში არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება; ხოლო თუ ვინმეს გასამართლება მოუწევს, ეს რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი იქნება, რომელსაც საერთაშორისო ტრიბუნალი რუსული აგრესიის გამო გაასამართლებს.

საქართველოში გასამართლება მხოლოდ მაშინ შეიძლება ვინმეს დაემუქროს, თუ ქვეყანა ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, ვინაიდან: `რამდენადაც ვიცი, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე... თუმცა ამაზე სპეკულაცია მე მგონი ჯერ ადრეა~.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უკვე დაიწყო საუბარი ქართულმა ოპოზიციამ. `რესპუბლიკელები~ აცხადებენ, რომ ისინი მალე დაიწყებენ საპროტესტო გამოსვლებს პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევის მოთხოვნით. რამიშვილის აზრით, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს: `ისიც შეიძლება, რომ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ბატონი ლავროვის თანამოაზრეებიც არსებობდნენ. ისრაელშიც არიან ადამიანები, რომლებიც ახმად ნეჟადს თანაუგრძნობენ~.

`თავისუფლების ინსტიტუტის~ ხელმძღვანელი თვლის, რომ ქვეყანაში არანაირი წინაპირობა არ არის იმისა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა დაირღვეს: `საზოგადოებას საკმაოდ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება აქვს იმისთვის, რომ რუსეთის წისქვილზე წყალი არ დაასხას. ამიტომ, ნუ ვიმკითხავებთ იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესების დაწყებას~.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ნინო ბურჯანაძეც. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და `რესპუბლიკელები~ კი ბოლო პერიოდში ევროპაში ოფიციალური შეხვედრებისას ხშირად ჩნდებიან ერთად. ლევან რამიშვილს მათ პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ ალიანსზე პროგნოზირებაც მკითხაობად მიაჩნია _ `არ ვფიქრობ ამ საკითხზე~.

მაშინ, როცა საქართველოში ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და ბოლოდროინდელი მოვლენების გამოძიებაზე საუბრობენ, დასავლური პრესა აქცენტებს ირაკლი ალასანიას შესაძლო გაპრეზიდენტებაზე აკეთებს. ალასანია საქართველოს ელჩია გაეროში და კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.

`ალასანიას პოლიტიკურ მიზნებზე ვერაფერს გეტყვით _ ამბობს რამიშვილი, _ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და პრეზიდენტსაც დემოკრატიულად აირჩევს. ალასანიას, როგორც ვიცი, პოლიტიკური საქმიანობა არასდროს უწარმოებია და მომავალში რას აპირებს, ვერ გეტყვით~.

ლევან რამიშვილი არც იმის ალბათობას უშვებს, რომ რუსული საფრთხის გადავლის შემდეგ, შესაძლოა დასავლეთის მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ შესუსტდეს. მისი აზრით, რუსული საფრთხე უახლოეს მომავალში მაინც არ შესუსტდება, დასავლეთის მხარდაჭერა კი მიხეილ სააკაშვილს მანამდე ექნება, სანამ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი არ გახდება.

რუსი გენერლების ინტერვიუების მიხედვით, რუსეთს სააკაშვილის ლიკვიდაცია ჰქონდა გადაწყვეტილი. ლევან რამიშვილის აზრით, სააკაშვილის ლიკვიდაცია მართლაც იგეგმებოდა: `ამაზე ისაუბრა ჯორჯ ბუშმა და ბერლუსკონიმაც, რომელმაც თქვა, რომ თვითონ შეაჩერა პუტინის ეს გეგმა. პირველ რიგში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა თავიდან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთს და მოიპოვეს დრო, რათა ევროპა დროულად ჩარეულიყო და შეეჩერებინა ეს აგრესია. გადამწყვეტი მნიშვნლობა ჰქონდა იმასაც, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ამერიკის სამხედრო ფლოტის გემები და სამხედრო თვითმფრინავები გამოაგზავნა. ეს ისტორიული გადაწვეტილება იყო~.

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, თავის დროზე ქვეყნისთვის სასიცოცხლო ობიექტები მაინც რუსეთს მიჰყიდეს, რაც ხელისუფლების მიმართ ბევრ კითხვას ბადებს. ლევან რამიშვილის აზრით, ამასაც თავისი ახსნა აქვს: `ჩვენ თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ და არავის ვავიწროვებთ~.

როგორც რამიშვილი ამბობს, ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი და მცდელობა იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობები დაწყებულიყო და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ფარგლებში, რუსული ინვესტიციების მოზიდვით ერთგვარი მოკავშირეები ჰყოლოდა, თუმცა, `არის თუ არა რაიმე რისკის შემცველი ეს ინვესტიციები, ამას კონკრეტული შეფასება სჭირდება~.

`თავისუფლების ინსტიტუტის~ ხელმძღვანელს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უკვე მიუღია. რაც შეეხება საზოგადოებას, რამიშვილის აზრით, მას პასუხი საკანონმდებლო ორგანომ უნდა გასცეს: `მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ თემაზე სერიოზული დებატების გამართვა უზრუნველყოს~.

No comments: