div#header

Wednesday, September 24, 2008

ლია მუხაშავრია: უსუსური რეფორმა უდღეურ სახელმწიფოში


ლია მუხაშავრია /სპეციალურად ბათუმელებისთვის
ფოტოზე: ლია მუხაშავრია

მოსამართლეთა მუდმივი ვადით დანიშვნის წინადადება, ჩემი აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დამკვიდრებისათვის საკითხის ნაჩქარევად და ზედაპირულად გადაწყვეტის უსუსური მცდელობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კიდევ ერთი ე.წ. ფასადური გადაწყვეტილების მიღების მცდელობა, რაც არამც და არამც არ მოიტანს ნამდვილი მართლმსაჯულების გაჩენას ჩვენს უდღეურ სახელმწიფოში. უფრო მეტიც, სახელმწიფო არ არსებობს და ვერ ფუნქციონირებს მანამ, სანამ მას ხელისუფლების ისეთი უმნიშვნელოვანესი შტო არ გააჩნია, როგორიც სასამართლოა.

სასამართლოს უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება ორ კერძო პირს, მაგალითად, სიკოსა და ნიკოს შორის წარმოშობილი სადავო საკითხის გადაწყვეტა კი არ არის, არამედ ხელისუფლების ორ დანარჩენ შტოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის დავის გადაწყვეტა. თუკი კანონმდებელმა კანონით განსაზღვრა რაღაც, რაც არასწორად, ან თავის სასარგებლოდ გაიგო და განახორციელა, როგორც კანონიერი უფლება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მათ შორის მისმა მეთაურმა, მაგალითად, პრეზიდენტის სახით და პრეზიდენტის ეს ქმედება გახდა სადავო საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, როგორც უკანონო, სასამართლოს უნდა შეეძლოს და უნდა გადაწყვიტოს ამ დონის დავა.

ამასთან, მისი გადწყვეტილება უნდა იყოს იმდენად კანონიერი, მიუკერძოებელი და მხარეთაგან დამოუკიდებელი, რომ არც ერთ მხარეს არ გაუჩნდეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლის და მისი ნებაყოფლობით არაღსრულებისა და უპატივცემულობის გამოხატვის სურვილიც კი. აი, ეს არის სასამართლო.

ბუნებრივია, თუკი სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ კუთხიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ არც ერთი ხელისუფლების შტო არ გაგვაჩნია, შესაბამისად, თუ არ გაგვაჩნია ხელისუფლების შტოები, არ გვქონია თავად ხელისუფლება, ანუ სახელმწიფო...

ამიტომ, პრეზიდენტი მუდმივად დანიშნავს მოსამართლეებს, 20 წლით თუ 30 წლით, მნიშვნელობას მოკლებულია იმ კანონის მოქმედების პირობებში, როგორიც არის თუნდაც კანონი `მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~, რომელზედაც უარყოფითი დასკვნა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გააკეთა თვით ვენეციის კომისიამ და რომელიც დღემდე არავის გაუუქმებია. სწორედ ეს კანონი საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს ცნობილი მოსამართლეების სასამართლოდან დათხოვნას ორი წლის წინ.

აღმასრულებელ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, მუდმივადაა დანიშნული მოსამართლე თუ დროებით, ხელთ უპყრია მისი სამსახურიდან ანუ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ისეთი ეფექტური ბერკეტი, რომელიც ყველა მოსამართლეს უკლებლივ, ხელისუფლებისადმი მორჩილ მოსამართლედ აქცევს. ანუ მოსამართლის დანიშვნის ვადას ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს.
ამ ერთი შესაძლებლობის მოხმობით, თუმცა შეიძლება მოსამართლეთა საქმიანობაში პირდაპირი ჩარევისა და მათზე ზემოქმედების სხვა საფუძვლების ჩამოთვლის გარეშეც ითქვას, რომ ერთადერთი დანიშვნის ვადის შეცვლა მდგომარეობას ვერ შეცვლის! საჭიროა კომპლექსური მიდგომა და არა მარტო კანონმდებლობის შეცვლა და დახვეწა, არამედ არსებული პრაქტიკის, დამოკიდებულების და გნებავთ, პოლიტიკური ნების შეცვლა, რაც მეტად შრომატევადი, თუ შეუძლებელი ამოცანა არ გახლავთ იმ ვითარებაში, როგორშიც ჩვენ ყველა და ჩვენი საბრალო, მიკერძოებული და დამოკიდებული სასამართლო და მისი მოსამართლეები არიან დღეს.

ვითარება იმდენად სავალალო და მძიმეა, რომ მხოლოდ ანტიკორუფციული მოსაზრებები არ არის მთავარი. საუბარია გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ფასეულობებზე, როგორიცაა სახელმწიფოში სადავო საკითხების სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კულტურის, ტრადიციისა და უამრავი რამის შესახებ, ურომლისოდაც არ არსებობს სახელმწიფო, ცივილიზაცია და თანამედროვე ადამიანთა ცხოვრება. ამიტომ, მეჩვენება, რომ მხოლოდ კორუფციის შიში, აქ მოსატანი არ არის იმ საშიშროებასთან შედარებით, რასაც გვიქადის დიდი ხნის მანძილზე მართლმსაჯულების გარეშე არსებობა. მეტი რომ არა ვთქვათ, ეს სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მათ შორის არსებული სადავო საკითხების გადასაწყვეტად სასამართლოს ნაცვლად მიმართავენ ძალას, იარაღს და სხვა მისთანებს, რაც საითკენ მიგვაქანებს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს... სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ფუნქციონირების საჭირბოროტო საკითხი საჭიროა ფართო განხილვის საგანი გახდეს და ღია დისკუსიისა და განხილვის შემდეგ ყველა ერთად მივიდეთ რაიმე სახის კონსენსუსამდე, როგორი მოსამართლე გვჭირდება, სად და როგორ შეიძლება ამ მოსამართლეთა მოძებნა, დანიშვნა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესის საკითხი (თუმცა გასაგებია მისი ინტერესის სფერო რატომაც არის), არც მხოლოდ იურისტების, ვინაიდან, იურისტებს ცოტა არ იყოს შეიძლება გაუჭირდეთ დღეს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო მეტად მისაღები მოდელის მოფიქრება და შეთავაზება. ჩვენ ხომ იმაშიც კარგად დავრწმუნდით, რომ რაც კარგად მუშაობს სხვა ქვეყნებში და თან კარგა ხანია, ჩვენთვის არ არის მთლად მორგებული და დიდ ხანს ვერ გასტანს... ამიტომ, მე პირადად მადლობელი ვარ, რომ ამ დისკუსიის მონაწილე აღმოვჩნდი და ვიმედოვნებ, ამ საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გააქტიურებით, შეიძლება და, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად შეიძლება მოვსინჯოთ, მეშინია ვთქვა, ვცადოთ, სასამართლოსთვის საფუძვლის ჩაყრა...



No comments: