div#header

Wednesday, September 24, 2008

ჯარისკაცის მონათხრობი მეოთხე ბრიგადის შესახებ

როგორ შეიჭრა მე-4 ბრიგადა ცხინვალში, როგორ განადგურდა იგი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რასაც ბრიგადის დაშლა მოჰყვა? ამ ყველაფრის შესახებ ინკოგნიტო ჯარისკაცი საუბრობს, რომელიც შესაძლოა, მოღალატის ან დეზერტირის მუხლით გაასამართლონ.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

`ომის დაწყებამდე მე-4 ბრიგადამ ვაზიანში, ამერიკელებთან ერთად წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. მაშინ ამბობდნენ, რომ, თითქოს, ოსეთისთვის გვამზადებდნენ. ნოემბერში ჩვენი ბრიგადიდან 600 ჯარისკაცი ერაყში უნდა წავეყვანეთ. წვრთნებშიც სწორედ ისინი ვმონაწილეობდით, ვინც ერაყში უნდა წავსულიყავით. ცხინვალში წასვლის შესახებ 7 აგვისტომდე ორი დღით ადრე გავიგეთ, ისიც არაოფიციალურად. გვითხრეს, რომ ცხინვალში რაღაც ცვლილებები იყო მოსალოდნელი და შესაძლებელია, კონფლიქტის რეგიონში გადავესროლეთ. ცხინვალისკენ შვიდში დავიძარით. მთელი ღამე მივდიოდით. სამი ოსური სოფელი გავიარეთ. წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. ჩვენს წინ დაზვერვის ჯგუფები მიდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, სად შეგვეძლო გავლა. სოფლები, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. გამთენიისას ქალაქის მისადგომებს მივუახლოვდით.

მოწინააღმდეგე ცხინვალში გველოდა. ისინი, ძირითადად, სახლებში იყვნენ ჩასაფრებულები და იქიდან გვესროდნენ. 10-15-კაციან ჯგუფებად დავიყავით და შეტევები წამოვიწყეთ. ქალაქის მისადგომებთან ჯუჯა ნაძვები იყო და იქ ვიმალებოდით, იერიშებს ვამზადებდით. სულ ოთხი შეტევა განხორციელდა. ძირითადად, სნაიპერები მუშაობდნენ. პირველსავე შეტევაზე ბევრი ბიჭი დაგვეჭრა. ერთ-ერთი შეტევის დროს ასეულის მეთაური დაიღუპა: ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა და იქ ერთ-ერთ ჯარისკაცთან ერთად დაიწვა.

8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ავიაციამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო. ჩვენ გვიხაროდა, რომ ავიაცია გვეხმარებოდა. ვისი თვითმფრინავები ბომბავდნენ ცხინვალს, არ ვიცოდით. ამ დროს რატომღაც ხაზზე მოსაწყობად გამოგვიძახეს. ყველანი დანიშნულ ადგილზე შევიკრიბეთ. ერთი თვითმფრინავი შემობრუნდა, თავზე გადაგვიფრინა და ბომბები დაგვიშინა. რა მოხდა, არ ვიცი. ეტყობა, პილოტმა დაგვინახა და დაგვბომბა. თუმცა ჩვენი დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. დაბომბვის შედეგად უამრავი ჯარისკაცი დაგვეჭრა და დაგვეღუპა. როგორც მერე აღმოჩნდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩვენს ბრიგადას წამოღებული არ ჰქონდა.

გამოუსწორებელი შეცდომა იყო მწყობრის მოწყობა, რადგან ომის დროს ასეთი რამ წარმოუდგენელია. მე იმით გადავრჩი, რომ ჩვენ ოცეულს მწყობრამდე 20 მეტრი გვაშორებდა. აფეთქების ტალღამ ხეს მიმანარცხა. გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, ახლოს მდგომმა თანამებრძოლმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა დავშლილიყავით. ირგვლივ უამრავი დაჭრილი და დაღუპული იყო. ყველაფერი აირია. ჯარი უმეთაუროდ დარჩა.

ჯგუფებად დავიყავით და ზონიდან გამოსვლა დავიწყეთ, ოღონდ, სად უნდა შევკრებილიყავით, არ ვიცოდით. მანქანებზე, პირველ რიგში, დაჭრილები და ცხედრები მოვათავსეთ. გადარჩენილებმა, ვინც როგორ შევძელით, ისე წამოვედით. იმ გზით წამოვედით უკან, რომლითაც შევედით. იარაღი და აღჭურვილობა სრულად წამოვიღეთ. ბევრი ისეთ პანიკაში იყო, გზაში იარაღი და ბრონეჟილეტებიც კი დაყარეს. უკან ოსური სოფლები გვქონდა გასავლელი და მტერი რომ დაგვხვედროდა, რა უნდა ექნათ? 20-30 კილომეტრი ფეხით გავიარეთ. გორის რაიონის რომელიღაც სოფელს მივაღწიეთ. იქ მოსახლეობამ შეგვიფარა, დიდი სიყვარულით მიგვიღეს.

დილით გადავწყვიტეთ, რომ გორში გაგვერკვია, სად უნდა წავსულიყავით. ადგილობრივმა მცხოვრებმა ფორდის მარკის მიკროავტობუსით წამოგვიყვანა. სამხედრო პოლიციაში მივედით. იქ გვითხრეს, რომ მეოთხე ბრიგადის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და გვირჩიეს, ბაზაზე დავბრუნებულიყავით. თბილისში წავედით. მძღოლმა საწვავი საკუთარი ფულით ჩაასხა და წაგვიყვანა.

ვაზიანში მხოლოდ ერთი ოფიცერი ვნახეთ. საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი იყო. ერთადერთი, რაშიც ჩვენი დაკვალიანება შეძლო, გვითხრა, რომ ბაზა იბომბებოდა და ყაზარმაში არ გავჩერებულიყავით. ღამე ბაზის ტერიტორიაზე, კარვებში გავათიეთ.
მეორე დღეს თავის ტკივილი გამიძლიერდა. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მაწუხებდა. რაღაც ხმები მესმოდა. ლიტერატურიდან ვიცი, ასეთ დროს შეიძლება გააფრინო, ანუ ფსიქიკურად დაავადდე. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა. ცხედრების, დასახიჩრებული გვამების შიში არ მქონდა, მაგრამ ნანახით დათრგუნული ვიყავი. ვერაფრით ვიძინებდი. ჯარში ისე უახლოვდები ადამიანებს, როგორც ოჯახში. როცა მეგობრებისგან რამდენიმე წუთში ხორცის ნაგლეჯებს ხედავ, რაც არ უნდა ძლიერი ფსიქიკა გქონდეს, მაინც დიდი დარტყმაა. იძულებული გავხდი, სახლში წამოვსულიყავი და მკურნალობა დამეწყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ რამე გაირკვეოდა, დაერეკათ. არაფერი გარკვეულა და არავის დაურეკავს.

არაოფიციალურად გავიგე, რომ ჩვენ წინააღმდეგ, შესაძლოა, მოღალატეობის მუხლით ძიება დაიწყოს, თუმცა რა ხდება, დღემდე ვერ გავარკვიე. ჩემს მდგომარეობაში 50-მდე ჯარისკაცია.

დევნის ობიექტი ისინი აღმოვჩნდით, ვინც ფეხით გამოვედით და უმისამართოდ დავრჩით. ტრანსპორტით წამოსულები თურმე სოფელ ნიქოზში შეიკრიბნენ. ეს მერე გავიგეთ, ჩვენთვის არავის დაურეკავს. ერთხელ გვკითხეს, 8 აგვისტოს მერე თუ მიიღეთ ოპერაციებში მონაწილეობაო. უარყოფითი პასუხის შემდეგ გვითხრეს, თავისუფალი ხართო. ახლა ჯარში მარცხის მიზეზებს ეძებენ და უნდათ ჯოხი დაბალი ღობეზე – ჯარისკაცებზე გადატეხონ. ჩვენთვის არც აგვისტოს ხელფასი მოუციათ, არც ჯარში გვაბრუნებენ და არც საბუთებს გვიბრუნებენ. ადვოკატების საშუალებით ვცდილობთ გავარკვიოთ ჩვენი მდგომარეობა.

ვცდილობ, გავაანალიზო, რა მოხდა. მე ჯარისკაცი ვარ და შტაბში რა ხდებოდა, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, ცხადია, რომ ყველაფერი სტიქიურად, მოუმზადებლად დაიწყო. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყალიც კი არ წაგვიღია ჯარისკაცებს. რაც მათარებში გვქონდა, მხოლოდ ის იყო ჩვენი რესურსი. როცა მტრის ტერიტორიაზე შედიხარ და საბრძოლო ოპერაციებს აწარმოებ, იქ ადგილობრივი რესურსის გამოყენება სახიფათოა. რამდენად ხარ გარანტირებული, რომ წყალი მოწამლული არ იქნება? საბრძოლო ოპერაციების ისტორიებში ძალზე ხშირია ასეთი შემთხვევები. დაზღვეული ამისგან არავინ არის. დაჭრილები წყალს ითხოვდნენ და არ იყო. სისხლს რომ კარგავს ადამიანი, მას სითხე ესაჭიროება, რომ ორგანიზმმა დაკარგული სისხლი სწრაფად აღიდგინოს. ქართულ სოფლებში შესვლამდე წყალი არ დაგვილევია.

მოუმზადებლობასთან ერთად ბევრი საბედისწერო შეცდომა იქნა დაშვებული. ჯარის შესახებ ბევრი წიგნი წამიკითხავს და ასეთი რამ არსად მინახავს, რომ ცეცხლის დროს ბატალიონის მეთაური იერიშზე პირველი მიდიოდეს. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჯარი შეტევაზე უშუალოდ მეთაურებს წაეყვანათ. მეთაურის დაღუპვის შემდეგ ჯარი რჩება უფუნქციო. როცა დავალების მიმცემი აღარ არის, ჯარმა არ იცის, რა არის ჩაფიქრებული და ოპერაცია როგორ უნდა გაგრძელდეს. ფუნქციები დაეკარგათ სერჟანტებსაც. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ბრიგადის განადგურება, უფრო სწორად დაშლა. პირველივე შეტევის დროს ასეულის მეთაური დავკარგეთ. არ იყო განსაზღვრული, ვის უნდა შეეცვალა იგი.ამ კონფლიქტის დროს თავი იჩინა ჯარში არსებულმა არასახარბიელო მდგომარეობამ. გარეგნულად თითქოს თანამედროვე ჯარი გვყავს, მაგრამ სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, მდგომარეობა არაჯანსაღია. როგორც ყველა სფეროში, საკადრო პოლიტიკა აქაც ახლობლობით წყდება. გარდა ამისა, ოფიცერი რომ გახდე, 6-თვიანი კურსის გავლაა მხოლოდ საჭირო. ამიტომაც არის, რომ ოფიცერთა უმეტესობა პირტიტველა, გამოუცდელი ბიჭები არიან. კი ბატონო, `დედავშინა~ აღარ არსებობს, სამაგიეროდ, ოფიცრებს დიდი უფლებები აქვთ. ისინი სერჟანტის ფუნქციებსაც ითავსებენ, რაც არ შეიძლება. ამის გამო კონტრაქტორების უმეტესობა ჯარიდან წამოსვლაზე ფიქრობს. სიტყვიერად ყველაფერი დასავლურად კეთდება, მაგრამ სინამდვილეში, შინაარსით რუსული ტიპის ჯარი გვყავს.


No comments: