div#header

Wednesday, September 24, 2008

უცნობი პარტიები ნაცნობი კანდიდატებით

`ქართული დასის~ ხელმძღვანელმა, ჯონდი ბაღათურიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად, ილია წულუკიძის კანდიდატურა წარადგინა.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ილია წულუკიძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ბაღათურია ამბობს, რომ ილია წულუკიძეზე მისი გაწონასწორებული ხასიათის გამო გააკეთა არჩევანი და კიდევ იმიტომ, რომ ისინი ოჯახებით მეგობრობენ. აბაშიძის ხელისუფლების გამორჩეულ ფიგურას, ბაღათურია ინტელექტით და შრომისუნარიანობით გამორჩეულს უწოდებს: `მასაც შეეძლო აბაშიძის დროს ბევრი დაეშავებინა, თუმცა კაცობა შეინარჩუნა”.

ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, ილია წულუკიძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა, თუმცა იგი პატიმრობას გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს.
ცხინვალის ომის შემდეგ, ხელისუფლებაში საუბრობენ მოღალატეებსა და მათ რუსეთთან კავშირებზე. ილია წულუკიძე ასლან აბაშიძის ნათესავია, რუსეთი კი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობს. ჯონდი ბაღათურია კი ამბობს, რომ კანდიდატთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის არ ეშინია. `არა მგონია, საზოგადოებას ჩამოყალიბებული წარმოდგენა არ ჰქონდეს ილია წულუკიძის პროქართულობაზე~.

`ქართული დასის~ სხვა სახეები, წულუკიძის გარდა, ჯერ ცნობილი არ არის, ბაღათურიას თქმით, აჭარის რეგიონისთვის ისინიც ცნობილი სახეები არიან. ბაღათურია მათ ვინაობას კვირის ბოლოს დაასახელებს.

`ქართული დასი~ კანდიდატების წარდგენას ექვსივე ოლქში აპირებს, თუმცა სხვა პარტიებთან შეთანხმებასაც გეგმავს. `ჯერჯერობით, გამოხმაურება არ არის, მაგრამ დაველოდებით~, _ ამბობს იგი. ბაღათურია, კონკურენტად მხოლოდ `ნაცმოძრაობას~ მიიჩნევს.

რა თანხების დახარჯვას აპირებს პარტია არჩევნებზე, ცნობილი არ არის. ბაღათურიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გამოყოფილი თანხები ეცოტავება.
პარტიამ `ჩვენ თვითონ~, ბათუმის მაჟორიტარად ზურაბ ცეცხლაძე დაასახელა. იგი 2005 წლამდე ბათუმის მერიის იურისტად მუშაობდა, შემდეგ კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ცეცხლაძის განცხადებით, საკანონმდებლო საქმიანობას პროფესიონალი იურისტები სჭირდება. მას აჭარის კონსტიტუციის შეცვლა სურს.

`კონსტიტუციით ისეთი შეზღუდვები არსებობს, რაც აჭარის განვითარებაზე აისახება. მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო ბათუმი, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ კი ჩამოყალიბდა როგორც ადმინისტრაციული ცენტრი. ვის უშლიდა ხელს, ბათუმს დედაქალაქი რომ რქმეოდა?~ _ ამბობს ცეცხლაძე. მისი თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შეიძლება უშუალოდ აჭარაში გადაწყდეს და ყველაფრის კარნახი ცენტრიდან არ გახდეს საჭირო.

დეცენტრალიზაციის მომხრეა პარტიის ლიდერი, პაატა დავითაია. მისი აზრით, ავტონომიის არსებობა რეალური თვითმმართველობის არსებობის შემთხვევაშიც აუცილებელია. `შეიძლება სეპარატისტი მიწოდოთ, მაგრამ მე ავტონომიის მომხრე ვარ~, _ ამბობს დავითაია. მისივე აზრით, უმაღლეს საბჭოს უფრო ქმედითი ინიციატივების უნარი უნდა გააჩნდეს: `პარლამენტი იღებს კანონს დეოკუპაციის შესახებ. რადგან აჭარაში ოკუპაცია არ იყო, შეღავათი ამ კანონით აჭარის მცხოვრებლებს არ ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, ომმა არანაკლებ დააზარალა აჭარაც~.
დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი რჩეულები ჯერ არ დაუსახელებიათ. `ქრიასტიან დემოკრატების~ რეგიონული წარმომადგენლის, ნიაზ ზოსიძის განცხადებით, სიები 27-28 ოქტომბერს იქნება ცნობილი.

საკუთარი კანდიდატები, ჯერჯერობით, არც ”მრეწველებსა” და ”კომუნისტებს” წარმოუდგენიათ. `მრეწ¬ველების~ წარმომადგენელი, ირაკლი ჯაში უფინანსობაზე საუბრობს, `კომუნისტების~ პარტიული ოფისი კი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. უსკოში საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადა 4 ოქტომბერია.


No comments: