div#header

Wednesday, September 24, 2008

შიში და პანიკა - სტიქიის ზონა

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან ამ დროისთვის 135 ოჯახს საკუთარ სახლში აღარ ეცხოვრება, უსაფრთხო ზონაშია გასაყვანი. პოტენციური რისკის ზონაში მოქცეულია 447 საცხოვრებელი სახლი, რომელიც პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასა და შემდეგ სათანადო კონტროლზე აყვანას საჭიროებს.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები
ფოტო: გაზეთი ბათუმელები

”ჩვენი ინფორმაციით, დღეს და ხვალ (1 და 2 ოქტომბერს) ცუდი ამინდია მოსალოდნელი, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, მეწყერი გააქტიურდეს”, _ აცხადებს გეოლოგი ტარიელ ტუსკია. მისივე თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა ორთაბათუმისა და ხალას საკრებულოების სოფლებში.

ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების წინასწარი პროგნოზით, რომელიც ინტერნეტშია გავრცელებული (ბათუმში ასეთი სადგური ორი წლის წინ გააუქმეს), აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მის მიმდებარე რაიონებში 1 და 2 ოქტომბერს იწვიმებს. ხანმოკლე ნალექია მოსალოდნელი 3 ოქტომბერს ღამით, ხოლო 4 ოქტომბერს გამოიდარებს. ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება 5 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე (მოსკოვის მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, აჭარის სანაპირო ზოლში 5 და 6 ოქტომბერსაც წვიმაა მოსალოდნელი).
სხვადასხვა მეტეოსადგურების მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონში 11 ოქტომბრიდან გამოიდარებს და მშრალი ამინდები 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

გეოლოგების თქმით, ამინდის გაუმჯობესებას ზამთრის მოახლოების გამო ისედაც არ უნდა ველოდოთ, თუმცა, ბოლო დროს მოსული დიდი რაოდენობის ნალექით გაჟღენთილი ნიადაგი გამოშრობას კარგ ამინდშიც ვერ მოასწრებს. გეოლოგები მეწყერსაშიშ ზონაში დღეს არსებულ ვითარებას შენელებული მოქმედების ნაღმს ადარებენ.

`საშიშროება რეალურია, დაზღვეული არაფრისგან ვართ, ამიტომ ვეუბნებით ადამიანებს, რომ გავიდნენ უსაფრთხო ადგილას. კონკრეტულ სახლებში კი, რომც არ იწვიმოს, გაჩერება მაინც საშიშია. უმნიშვნელო მიწისძვრამ ან რაიმე სხვა ტექტონიკურმა რყევამ შესაძლოა პოტენციურ უბნებშიც გამოიწვიოს ნიადაგის ამოძრავება და საშიშროება შექმნას~, _ აცხადებს ტარიელ ტუსკია.

სპეციალისტების თქმით, არის ადგილები, სადაც მეწყრული პროცესი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად შეჩერდება. ეს სამუშაოები კი შესაბამის ფინანსებსა და დროს მოითხოვს. აუცილებელია საყრდენი კედლების მოწყობა-გამაგრება, სადრენაჟე არხების მოწყობა, ზედაპირული წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა, სათანადო გამტარუნარიანობის მილებში მათი გაშვება და ა.შ. ამ სამუშაოების ჩატარება გარკვეულ ადგილებში, შესაძლოა, 1 000-დან 10 000-ლარამდეც კი დაჯდეს.
სტიქიამ რამდენიმე დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში კიდევ ექვსი ადამიანის, მათ შორის სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დავითაძეების 15-სულიანი ოჯახიდან სტიქიას თავი ათმა დააღწია. დაიღუპა ოჯახის ნათესავი, მეზობლად მცხოვრები დავით გაბაიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მისაშველებლად მივიდა.
სოფლის მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გატარებასა და უსაფრთხო ზონაში გაყვანას აჭარის მთავრობისგან ითხოვს. მთავრობამ კი ისინი გააფრთხილა, რომ თავი ახლობლებსა და ნათესავებს შეაფარონ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ემზარ ძირკვაძის განცხადებით, დროებითი საცხოვრებლის გამოყოფის თხოვნით მათთვის არც ერთ დაზარალებულს არ მიუმართავს: `მათი მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა, თორემ ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება. ალტერნატიული ფართიც არის _ გარკვეული შენობები, კერძო სასტუმროებიც, სადაც შეიძლება ამ ხალხის დროებით განთავსება... რაც შეეხება მუდმივი საცხოვრებლის გამოყოფას, ამ სიტუაციაში ვერ მოხერხდება. ეს დროებითი მოვლენაა, როგორც გვეუბნებიან, სიტუაცია ჩაწყნარდება~.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს დროებით წასასვლელი არსად აქვს, მინისტრის თქმით, `საკმარისია, უბნის რწმუნებულს მიმართოს, ის დაუყოვნებლივ კავშირზე გამოვა ჩვენთან. ადამიანებს ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ~.
დაეხმარება თუ არა პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებაში სახელმწიფო მოსახლეობას და რა ფორმით _ ფინანსურად თუ სამშენებლო მასალის გადაცემით _ ჯერ გაურკვეველია.

ემზარ ძირკვაძის თქმით, საკარმიდამო ნაკვეთებთან მიმართებაში, რომლებზეც გეოლოგებს ექნებათ უარყოფითი დასკვნა, დახმარების გაწევას აზრი არ აქვს. ასეთ ოჯახებს ადგილმონაცვლეობას შესთავაზებენ: `ხელისუფლება აპირებს დახმარებას, მაგრამ რა მასშტაბებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და თუ რეგიონს გარეთ ისურვებს ვინმე გასვლას, 90-სახლამდე უკვე შეძენილია კახეთში. ადგილზეც ვეძებთ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს~.

ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში დაზიანებული 56 ხიდიდან აღდგენილია 16, შიდა სასოფლო გზების 386-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 253 კილომეტრი უკვე გაწმენდილია. დაზიანებულია 30-ზე მეტი წყლის სათავე ნაგებობა და 12 საცხოვრებელი სახლი. ზარალს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტორთა ჯგუფი ითვლის. მინისტრის მოადგილის, სულხან ჯორთმენაძის ინფორმაციით, თუ მდგომარეობა კიდევ არ გართულდა, საბოლოო აუდიტორული დასკვნა ერთ კვირაში იქნება.

ამ ეტაპზე სტიქიურ ზონაში მოქცეულ აჭარის მაღალმთიანეთში არსებული მდგომარეობა და მოვლენების შესაძლო განვითარების საკითხი სამთავრობო დონეზე არ განიხილება.
საზოგადოება `ჭაობის~ პრეზიდენტის, იზოლდა მაჭუტაძის განცხადებით, ორთაბათუმსა და ხალაში სტიქიური პროცესების გააქტიურება, ძირითადად, აგარის მთაზე ტყის გაჩეხვამ გამოიწვია. ტყე აქ, მერქნის საზღვარგარეთ გატანის მიზნით, ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში უმოწყალოდ იჩეხებოდა. მაჭუტაძის აზრით, ხელისუფლებამ პრიორიტეტად გარემოს დაცვა უნდა გაიხადოს და მოსახლეობის ალტერნატიული საწვავით მომარაგებაზე იფიქროს: `ისეთი ტერმინები, როგორიცაა `ტყეკაფი~ და `სანიტარული ჭრა~, დღევანდელი ხელისუფლების სირცხვილია. აჭარის ტყეებში ხის ჭრა საერთოდ უნდა აიკრძალოს~.
რაც შეეხება ბათუმს, ქალაქს დატბორვის საფრთხე კვლავ ემუქრება. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო ბოლო დღეებში 500-ზე მეტი სახლი, ეზო თუ სავაჭრო ობიექტი დაიტბორა. მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი დგინდება.
ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის განცხადებით, მობილიზებულია ცხრა სახანძრო ავტომანქანა. დატბორვის შემთხვევაში ისინი მოსახლეობის დასახმარებლად მზად არიან. სამსახურთან უფასოდ დაკავშირება მობილური ტელეფონის საშუალებითაც შეიძლება ნომერზე _ 011.





No comments: