`იაფი კრედიტის~ პროგრამა დროებით შეჩერდა
წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ იაფი კრედიტების გაცემის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. მასში აჭარაში მოღვაწე ბევრმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. გამარჯვებულების შესახებ ცენტრალურმა ტელევიზიებმა რეპორტაჟები მოამზადეს. ამ პროგრამის მონაწილე ორი ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პიარკამპანია იყო. მეწარმეები შეპირებულ კრედიტებს აღარ ელიან.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები
ხელვაჩაურელ ნოდარ თედორაძეს მცენარეული და ცხოველური პროდუქტებისგან პროტეინის მიმღები საამქრო აქვს. ძირითადი ნედლეული, რაზეც საამქრომ უნდა იმუშაოს, თევზი ქაფშია და სოიოა. ჯერჯერობით, ქვეყანაში სოიოს ნათესები მწირია, ამიტომაც, ძირითად მიზნად ქაფშიის გადამუშავება რჩება.
პროტეინი მეცხოველეობის, მეთევზეობისა და მეფრინველეობისთვის შეუცვლელი პროდუქტია და ეს პროდუქცია ჩვენში უცხოეთიდან შემოაქვთ.
ხელისუფლების მიერ გამოცხადებული იაფი კრედიტის პროგრამის შესახებ ბიზნესმენისთვის სულზე მისწრება იყო: `ქაფშიის რეწვა ზამთარში, ძირითადად, ორ თვეს გრძელდება. ამიტომაც საწარმოს სამაცივრე ბაზა სჭირდება, რათა მთელი წლის სამუშაო მარაგი შევინახოთ. სახსრები ამისთვის არ გაგვაჩნდა~.
თედორაძემ ბიზნესპროექტი ფინანსისტ ზაზა გორგაძის დახმარებით მოამზადა. როგორც თავად აცხადებს, პროექტმა მოწონება დაიმსახურა: `ჯერ ექსპერტებმა გაცხრილეს პროექტი რამდენჯერმე. შემდეგ არაერთ შეხვედრაზე მიგვიპატიჟეს. ერთ-ერთ შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ ჩემი პროექტი აიღო, პუბლიკასთან წარმადგინა და საუკეთესო პროექტი აქვსო, განაცხადა. ჩემი წარმოებით ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძეც დაინტერესდა და დამირეკა კიდეც. მითხრეს, რომ ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა, პირველი ადგილი დაიჭირა. მოთხოვნილი თანხა, 250 ათას ლარი დამპირდნენ, მაგრამ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა~.
თედორაძეს პროექტის გამარჯვების შესახებ პირველად ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა მიულოცა. მასზე გადაცემაც მოამზადა, რომელიც ჯერ `რუსთავი 2-ის~ ეთერში გავიდა, შემდეგ კი ფრაგმენტები ტელეკომპანია `მზის~ ეთერით გადაიცა: `ჩვენზე გადაცემა რომ გავიდა, როგორც იაფი კრედიტით დაფინანსებულ ორგანიზაციაზე, ეჭვი აღარ შემპარვია, რომ მართლა დამაფინანსებდნენ. უკვე პროდუქციის გასაღებაზე დავიწყე პარტნიორების მოძებნა. არჩევნები რომ დამთავრდა, არავინ შემეხმიანა. ვერც მე გავარკვიე, პროექტის ბედი ვისთან მომეკითხა~, _ აცხადებს თედორაძე.
ასეთივე მდგომარეობაშია ფერ¬მერი მიხეილ ბერიძე. იგი რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავდა და `რუსთავი 2~-ის ბიზნესკურიერში ისიც მოხვდა. `მთავრობის სხდომაზე გვითხრეს, რომ ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა. მერე ტელევიზიით გვაჩვენეს, თუ როგორ დაფინანსდა ჩვენი წარმოება. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ბლეფი იყო. არც მთავრობასთან და არც მედიასთან არანაირ ურთიერთობას აღარ ვაპირებ. მეგონა, ხელისუფლება მართლა დაგვიდგებოდა გვერდში. მაგრამ მე ამას ჩემი და მეგობრების ძალებით გავაკეთებ~.
ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ `იაფი კრედიტის~ გამარჯვებულ პროექტებზე გადაცემების მომზადება მისი იდეა იყო. რაც შეეხება შერჩევას: `გამარჯვებული ფირმების, ბუნებრივია, მე ვერ მოვიგონებდი. ფირმების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის განვითარების სამინისტროდან მივიღე~.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ჯორთმენაძე აცხადებს, რომ იაფი კრედიტების გაცემის საკითხი საბოლოოდ თბილისში წყდება: `მთავრობის სხდომაზე ჩვენ საუკეთესო პროექტები წარვადგინეთ. დაფინანსების საკითხს კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და მუნიციპალური ფონდი წყვეტს. იქ გარკვეული პროცედურებია გასავლელი, _ მეწარმეებმა ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და საგარანტიო თანხები უნდა წარადგინონ. ის, რომ პროექტი მოწონებულია, არ ნიშნავს სესხის გაცემას~.
ჯორთმენაძის განცხადებით, იაფი კრედიტების პროექტში 300-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 14 დაფინანსდა: `ბუნებრივია, ამდენი ადამიანიდან ვიღაც განაწყენებული დარჩება. რამდენიმე პროექტი, კიდევ უნდა დაფინანსებულიყო, მაგრამ ომის შემდეგ იაფი კრედიტების გაცემა გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ეს ხალხი კი, ტელევიზიაში საიდან აღმოჩნდა, არ ვიცი~.
ჯორთმენაძის ნათქვამს ნაწილობრივ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ეკონომიკის ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი. `აჭარიდან რა პროექტებიც გადმოგვიგზავნეს, იმას ვაფინანსებთ. სამწუხაროდ, ომის გამო `იაფი კრედიტის~ პროექტი, ჯერჯერობით, შეჩერდა~.
აჭარისათვის ცალკე 5-მილიონიანი კვოტის დაწესება საპარლამენტო არჩევნების წინ ლევან ვარშალომიძის განცხადებას მოჰყვა. მაშინ აჭარის პირველმა პირმა რეგიონში უმუშევრობის მიზეზებზე ისაუბრა და ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში მოქმედ სამსახურებში ადგილობრივი კადრების დაბლოკვაში დაადანაშაულა. სწორედ ამ განაცხადების საპასუხოდ, ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ეკა შარაშენიძემ დამატებით სამუშაო ადგილების შესაქმნელად, იაფი სესხების გაცემის პირველ ეტაპზე, აჭარისთვის ცალკე კვოტა დააწესა. ამ კვოტით აჭარაში 13-მა საწარმომ უნდა ისარგებლოს.
Wednesday, September 24, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment