div#header

Wednesday, September 24, 2008

სოფელი მეწყერის პირისპირ

კოკისპირულმა წვიმებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში 70-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. ქვემო აგარაში მეწყერი რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. ვისაც წასასვლელი აქვს, ღამეს სახლში აღარ ათევს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ.
ნათია როყვა/ბათუმელები

`შუაღამე იყო, პირველი საათი იქნებოდა. ყველას გვეძინა. სახლის ზანზარზე გაგვეღვიძა, შუქი არ გვქონდა, კარების გაღება დავაპირეთ, მაგრამ ვერ გავაღეთ. ფანჯრიდან გავიხედე გარეთ და დავინახე, რომ სახლზე მიწა იყო მოწოლილი, ბათუმში ჩემს შვილთან დავრეკე. ის ამოვიდა, მეზობლისგან კიბე ითხოვა და ისე გამოგვიყვანა ფანჯრიდან. სახლში რვა სული ვიმყოფებოდით.

კოკისპირულად წვიმდა, გზის გაკვლევა გვიჭირდა. დილით როცა ამოვედი, კარ-მიდამო განადგურებული დამხვდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ცოცხლები გადავრჩით, ბავშვებიც სახლში იყვნენ~, _ ყვება დურსუნ ფაღავა, რომელიც სახლში ახლაც კიბით, ფანჯრიდან შედის.

მათი თქმით, ისინი ეზოში დაყრილმა ხის მორებმა და რკინის ღობემ გადაარჩინა. ქვით ნაკეთი ავტოფარეხი, რომელიც სახლის წინ იდგა, მიწაშია ჩატანილი, არსად ჩანს ორი მანქანა ხის მორი, რომელიც სახლთან ეყარა… ორსართულიანი სახლის ნახევარიც ჩამოშლილ მიწაშია ჩაფლული.

`გეოლოგები იყვნენ, ფოტოები გადაიღეს, შეათვალიერეს, დასკვნას მთავრობას წარვუდგენთო, გვითხრეს. რა იქნება, ჯერჯერობით, არაფერი ვიცით~, _ ყვებიან ოჯახის წევრები. მეზობლის კაცები წაქცეულ ხეებს ჩეხავენ, ზამთრისთვის შეშას ამზადებენ. იქვე ახლოს მეზობლის ბიჭი ვებერთელა ხის კენწოროზეა გასული და ტოტებს აცლის. `როცა ძლიერი ქარი და წვიმაა, ტოტები ხის ფესვებს აქანებს. ეს კი საშიშია, მიწა ჩამოშვავდება, სახლთან ახლოსაა, ამიტომაც ჭრიან ხის ტოტებს~, _ ამბობს ბესო, რომელიც ჩაისუბნის ცენტრში, სამარშრუტო ტაქსთან შემხვდა. სწორედ მან ითავა სოფელში `ბათუმელების~ მეგზურობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაევლო. და ეს თავისებურად დაასაბუთა: `თუ გაზეთში გამოაქვეყნებთ, იქნებ ჩემს მეზობლებს ვინმემ ყურადღება მიაქციოს~.

ეთერ ჩხაიძე მარტოხელაა. მისი სახლის ქვეშ მიწა `ჩამოშვავდა~. წასასვლელი არსად აქვს, `ერთი ასეთი წვიმა და ამ სახლთან ერთად მეც ჩამიყოლიებს მეწყერი~, _ ამბობს შეწუხებული რესპონდენტი. დახმარების სათხოვნელად რომ წავიდეს, როგორც თავად ამბობს, ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომაც აჭარის ხელისუფლებას გაზეთის საშუალებით მიმართავს: `ყველას ვთხოვ, ხელვაჩაურის გამგებელს, ბატონ ლევან ვარშალომიძეს, ერთი სასახლე ნაკვეთი მომცენ. პატარა ქოხს ჩავდგამ და მშვიდად მაინც დავიძინებ~.

`ზედა აგარა უფრო დაზიანებულია, ვიდრე _ ქვედა. აქ გზა ბიზნესმენ თენგიზ ბაკურიძის ძმამ გაწმინდა~, _ ამბობენ აგარელები. ძლიერმა წვიმებმა მოსავალი გაანადგურა. ოჯახებს დიდი ზარალი მიადგა, მაგრამ ზარალზე არავინ საუბრობს. `რახან ცოცხლები ვართ, ზარალს აღარ დავეძებთ~, _ ამ სიტყვებს ყოველი შემხვედრი იმეორებს. სწორედ მათ მეზობელ სოფელში, მასაურაში დაანგრია მეწყერმა ილია ჩავლეიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ოჯახის ოთხი წევრიც იმსხვერპლა. მეწყრის შედეგად დაღუპულები მეზობლის სახლიდან გასულ კვირას გაასვენეს. 17 წლის თამთა ჩავლეიშვილს დედა, მამა, ძმა და და დაეღუპა. იგი ბათუმის #1 საავადმყოფოდან ოჯახის წევრების დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე გაწერეს. როგორც სოფელში ამბობენ, თამთა ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება…

რამდენიმე კილომეტრი ვიარე ატალახებულ გზაზე, მაგრამ ზემო აგარამდე ვერ მივაღწიე. როგორც მითხეს, იქ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. უკან დაბრუნებისას სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე. მიკროავტობუსში ადამიანები, რატომღაც მეწყერსა და მის საფრთხეებზე კი არა, ომზე მსჯელობდნენ. ზოგი სააკაშვილისა და `ნატოს~ ქომაგი იყო, ზოგიც რუსეთ-საქართველოს ომის გამო სააკაშვილს ადანაშაულებდა. წინა რიგებში `ენერგო-პროს~ ამბავს განიხილავდნენ, სხვები კი იმ ფირმის წარმომადგენლების დაჭერას ვარაუდობდნენ, ვინც ჩაისუბნის საჯარო სკოლა `ვითომ გაარემონტა~.


No comments: